რას ნიშნავს აპოსტილი ან ლეგალიზაცია

საქართველოშო გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.
ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (დაწვრილებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ-სახელმწიფოების თაობაზე იხილეთ ვებ გვერდზე.


ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე უწყების მონაწილეობას. ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში.


იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ  “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, ძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა. ლეგალიზაციის მოთხოვნა ასევე ძალაში რჩება საბერძნეთის რესპუბლიკისთვის.